ანგელა მერკელის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მისთვის მოულოდნელობა არ
ყოფილა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მერკელის თქმით, კანცლერის პოსტიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ის შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ყოფილი კანცლერი ირწმუნება, რომ 2021 წლის ზაფხულში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, უკრაინის თაობაზე დისკუსიების ევროპული ფორმატი შეექმნა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მერკელს, პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, როგორც კანცლერმა თქვა, „ვიღაც წინააღმდეგი იყო“, მას კი აღარ შეეძლო თავისი გაეტანა, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე ის პოლიტიკიდან მიდიოდა. მერკელმა განაცხადა, რომ მის მიმართ ასეთივე დამოკიდებულება იყო მოსკოვში მისი უკანასკნელი ვიზიტისას. „ძალისმიერი პოლიტიკის თვალსაზრისით დამთავრებული ხარ. პუტინისთვის მხოლოდ ძალას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მან.
მერკელის სიტყვებით, ის ეცადა, სხვა გერმანელი პოლიტიკოსებისთვის გადაეცა თავისი ინიციატივა ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მათ ვერ გაბედეს ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
ადრე მერკელმა კანცლერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიცემულ თავის პირველ დიდ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრას დიდი შეცდომა უწოდა. მერკელმა აღნიშნა, რომ პუტინის ზიზღი მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ. „მას სურს, გაანადგუროს ევროპის კავშირი, ვინაიდან მასში ხედავს პირველ საფეხურს ნატოსკენ“, - მიაჩნია გერმანიის ყოფილ კანცლერს.
კრიტიკოსები მერკელს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის რუსეთთან მუდამ კომპრომისებისკენ ისწრაფოდა, მათ შორის უკრაინის ხარჯზეც. მაგალითებს შორის მოაქვთ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა (ბოლოს და ბოლოს ის აშენდა, მაგრამ ექსპლუატაციაში არ შესულა) ანდა დათმობებზე მზადყოფნა მინსკის შეთანხმებებთან დაკავშირებით. მას ასევე აკრიტიკებენ იმისთვის, რომ 2008 წელს ის უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების წინააღმდეგი იყო.
...